ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მისი ბენეფიციარი ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაზეც კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მოახდინა, €1მილიარდიან პაკეტს გამოყოფს.
ბანკის დირექტორთა საბჭომ ხელი მოაწერა „საგანგებო პაკეტს“, რომელიც წარმოადგენს ბანკის პირველ ნაბიჯს მზადყოფნის გამოსახატავად, რათა გააკეთოს უფრო მეტი მაშინ, როდესაც საჭირო გახდება. ამ ნაბიჯით ბანკი მხარდაჭერას უცხადებს კერძო სექტორს 38 ქვეყანაში, სადაც ის საქმიანობას აწარმოებს.
დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბანკი გასცემს დაფინანსებას იმ კლიენტებზე, რომლებსაც გააჩნიათ მყარი ბიზნეს ფუნდამენტი, მაგრამ პანდემიის გამო განიცდიან დროებით სირთულეებს.
როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა: “COVID-19 პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, არნახულ გამოწვევას წარმომადგენენ, როგორც ბანკისთვის, ისე იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც იგი აწარმოებს საქმიანობას”. მისი თქმით:”ბანკის პარტნიორების, კლიენტების, მისი წილის მფლობელებისა და ქვეყნების მხარდასაჭერად, EBRD-მ ჩამოაყალიბა მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც 1 მილიარდი ევროსაგან შედგება. ეს რესურსი მოხმარდება არსებულ კლიენტებს, მათი ლიკვიდურობის, მიმდინარე აქტივებისა და ვაჭრობის შესანარჩუნებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი. ბანკი მზადაა გაზარდოს მხარდაჭერა და აქტიურად მუშაობს მისი ფინანსური ინსტრუმენტების გაზრდაზე, პარტნიორ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და იმ ქვეყნებთან ერთად, სადაც იგი ახორციელებს საქმიანობას”.
დაგეგმილი ღონისძიებები შეიცავს ვაჭრობის ფინანსირების გაზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით მოკლევადიანი სესხების გაცემას (2 წმალდე ვადით) მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის.
კორპორაციებისა და ენერგო მწარმოებლებისთვის, ბანკი გეგმავს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მოკლე ვადიანი სესხებით, ხოლო მუნიციპალურ, ენერგო და ინფრასტრუქტურულ კლიენტებს EBRD სთავაზობს ლიკვიდურობის შესანარჩუნებელ მხადრაჭერასა და ბალანსის რესტრუქტურიზაციას.
ბანკი მზადაა განიხილოს არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხიც, რაც მოიცავს ვადიანობის ან სხვა პარამეტრების ცვლილებას. EBRD ასევე განიხილავს სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემას, ან არსებული სესხების ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციას.
EBRD აღნიშნავს, რომ ბანკის ეკონომისტების შეფასებით, კორონავირუსის პანდემია საფინანსო ინსტიტუტის ბენეფიციარ რეგიონებში – კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური აქტივობის შენელებას გამოიწვევს.
ასევე, ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩინეთსა და ევროპასთან უფრო მეტ ზარალს უნდა ელოდნონ. მოსალოდნელია, რომ ტურიზმის ინდუსტრიაც დიდ დარტყმას მიიღებს.
ბანკის ეკონომისტების შეფასებით, ნავთობის ფასების ვარდნაც ზეგავლენას მოახდეს მის მწარმოებელ ქვეყნებზე, ისევე როგორც ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების მიერ მათ ქვეყნებში განხორციელებულ გზავნილებზე.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები