ბოლო ორი წლის განმავლობაში, GEFF სომხეთში წარმატებულად ახორციელებდა მწვანე ინვესტიციებთან დაკავშირებულ საქმიანობას ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, დღეს კი პროგრამის პირველი ეტაპი თითქმის დასასრულს უახლოვდება.
სხვადასხვა ტიპის პროექტებს შორის, GEFF სომხეთში პროგრამას მნიშნველოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენების განვითარებაში, კონკრეტულად კი მზის ფოტოვოლტაური სადგურების (ან მზის ელექტრო სადგურების) დაფინანსებაში. პროგრამას 160-ზე მეტი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა აქვს დაფინანსებული, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.7 მეგავატს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების მაღალმა მაჩვენებელმა დადებითი შედეგი გამოიღო ქვეყნისა და ბიზნესებისთვის, პროგრამის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ტექნიკურად ისეთი რთული პროექტები, როგორიცაა მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, პოტენციურად მაღალ რისკებს შეიცავს. ამიტომ გადავწყვიტეთ თავი მოგვეყარა ტიპიური შეცდომებისთვისა და მათი არიდების მეთოდებისთვის.
ქვემოთ მოცემულია ის რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუკი მზის ფოტოვოლტაურ პანელებში ინვესტირებას ფიქრობთ.
შეარჩიეთ სანდო მომწოდებელი. ფოტოვოლტაური ტექნოლოგიის მომწოდებელი უმნიშვნელოვანესი რგოლია მთლიან პროექტში, კონკრეტულად კი სისტემის საოპერაციო სტაბილურობის უზრუნველყოფაში. პასუხისმგებლიანი და სანდო მომწოდებელი აუცილებლად გამჭვირვალე კომერციულ შეთავაზებას წარმოგიდგენთ, სადაც ნათლად იქნება წლიური ელექტროენერგიის გამომუშავების პროგნოზები. რეკომენდებულია, რომ თავად მომწოდებელმა უზრუნველყოს მთავარი საინსტალაციო სამუშაოები და წარმოგიდგინოთ გარანტია სისტემის გამართულ მუშაობასა და ფუნქციონალურობაზე.
გაითვალისწინეთ დაჩრდილვა და პანელებს შორის დაშორება. პანელების რიგებს შორის არასაკმარისი დაშორება და მათი დაჩრდილვა წლიურ გამომუშავებას 30% ან მეტით ამცირებს, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მომწოდებელს, რომელიც მომავალი სადგურის დეტალურ დიზაინს წარმოგიდგენთ, სწორად შეაფასებს მონტაჟის ადგილზე არსებულ სიტუაციას და ყველა მოცემულ ფაქტორს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის სიმულაციაში გაითვალისწინებს.
უზრუნველყავით შესაბამისი ელექტრო უსაფრთხოება. სწორი დამიწებისა და მოწყობილობების დაცვის ზომების უგულებელყოფა უარყოფითად აისახება სადგურის მუშაობაზე და იწვევს არამარტო მოწყობილობების დაზიანებას, არამედ – რაც ყველაზე მნიშნველოვანია – სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და დაცულობას. აქედან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოები უსაფრთხოების სტანდარტებისა და მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების მიხედვით უნდა განხორციელდეს.
ყურადღება მიაქციეთ საინსტალაციო სამუშაოებისა და მასალების ხარისხს. არასწორი ინსტალაციისა და უხარისხო მასალების გამოყენებამ შესაძლოა მოწყობილობის დაზიანება და დანაკარგი გამოიწვიოს (ქარის, თოვლისა და სხვა გარემო ფაქტორებისგან). კონსტრუქცია, რომელზეც დაეყრდნობა პანელები უნდა იყოს მყარი და სამშენებლო სტანდარტებისა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით შესრულებული. მომწოდებლის არჩევისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ მათ ჰყავდეთ მშენებლობის სფეროში გამოცდილი ინჟინრები, რომლებიც კონსტრუქციის სწორ, მყარ და უსაფრთხო პროექტს შეიმუშავებენ.
თუკი თქვენ მზის ელექტროსადგურში ინვესტირებას ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სადგური მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოგემსახუროთ. ზემოთ მოცემული რჩევები და რეკომენდაციები რომ შევაჯამოთ, დანამდვილებით ვიტყვით, რომ პროექტის განხორციელებისადმი სწორი მიდგომა უზრუნველყოფს არამარტო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, არამედ სადგურით გრძელვადიანი სარგებლობის საშუალებას.
როგორც უკვე ცნობილია, მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება საქართველოშიც იძენს პოპულარობას. მიღებული სარეგულაციო ცვლილებების წყალობით, საქართველოში მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში მზის ელექტროსადგურების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით, GEFF პროგრამის მიერ სომხეთში მიღებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები საქართველოში განსახორციელებელ მზის ელექტროსადგურებში ინვესტირებისთვისაც აქტუალურია, მით უმეტეს, რომ მზის ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციის შედეგად, იზრდება ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების რაოდენობაც.
მათთვის, ვისაც განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ კი მზის ენერგიის გამოყენება აინტერესებს, GEFF საქართველო სთავაზობს „მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების“ შესახებ ტრენინგს, რომელიც თიბისი ბანკის ბიზნეს ტრენინგების პლატფორმაზე, 16 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. დარეგისტრირდით და გაიგეთ თუ რა ცვლილებები შევიდა საქართველოში უახლოვეს დროს, რა ტექნოლოგიები არსებობს ბაზარზე მზის ელექტროსადგურის მოწყობისათვის და რა სარგებელს სთავაზობს განახლებადი ენერგიის გამოყენება ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები