საქართველო თანმიმდევრულად მიიწევს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზაციისკენ. ადგილობრივი მზის ტექნოლოგიების მომწოდებლების თქმით, ბოლო პერიოდში მზის ენერგიის მიმართ ინტერესი გასამმაგდა კიდეც. „ყველა ბიზნესის მფლობელი ფიქრობს მზის ენერგიაზე გადასვლაზე“, – ამბობს Helios Energy-ის დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია.
მართლაც, მზის ენერგიაში ინვესტიცია მომგებიანია. მზის ელექტროსადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 20 წელია, კომპანიას შეუძლია ისარგებლოს ელექტროენერგიის შემცირებული გადასახადით, გამოიმუშაოს საკუთარი ელექტროენერგია და გახდეს უფრო ენერგოდამოუკიდებელი. მეტიც, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი, მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტიციის უკუგების პერიოდს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის განახლებადი ენერგიის გამოყენებას. მაგალითისთვის, თუკი სადგურში ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდ 5 წელია, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა 15 წლის განმავლობაში ისარგებლოს საკუთარი ელექტროენერგიით, დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუმცა, ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებას თან ახლავს გარკვეული გამოწვევები. მაგალითად, უფრო მასშტაბური მზის ელექტროსადგურები მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია პირდაპირი და უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაზე. ენერგეტიკული ბაზრის დერეგულაციის მოლოდინში, ინვესტორებს უჭირთ წინასწარ განსაზღვრონ, რა შეიძლება მოხდეს უახლოეს წლებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინსტრუმენტების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტორის გარანტირებულ შემოსავალს.
დღეს ინვესტორებისთვის მთავარი გამოწვევა არის იმის პროგნოზირება, თუ რა შეიძლება იყოს ელექტროენერგიის სამომავლო ფასი. ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა დაიწყო და ბაზარიც მალე გაიხსნება, თუმცა მის ირგვლივ კვლავაც ბევრი კითხვა რჩება, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რა იქნება ელექტროენერგიის ფასის მამოძრავებელი ძალა. დეველოპერებისთვისა და ანალიტიკოსებისთვის ფასის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, ეს ინფორმაცია კი აუცილებელია ისეთი გრძელვადიანი პროექტებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მზის ელექტროსადგურები.
მეორე გამოწვევა არის კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება, რაც მოითხოვს თანმიმდევრულ ძალისხმევას როგორც ბიზნესისგან, ასევე მთავრობისგან. ბაზრის მონაწილეებმა და ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს განახლებად ენერგიის განვითარების უპირატესობები. ბიზნესმა უნდა იცოდეს იმ ფინასური სარგებლის შესახებ, რომელიც განახლებად ენერგიაში ინვესტირებას მოყვება.
კონკურენტული ბაზრის შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა ნებისმიერი სიახლეს ჯერ დანერგვა სჭირდება. აუცილებელია, რომ ინვესტორების მხრიდან ნდობა გაჩნდეს ამ ბაზრის მიმართ. ნდობის აღდგენის ერთ-ერთი გზა, ბაზრის გახნის პარალელურად, არის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების აღდგენა.
კიდევ ერთი გამოწვევა არის ბაზარზე არსებული ცოდნის დონე. ამ ეტაპზე ტექნოლოგიების მომწოდებლების ბაზარი მცირეა. აქედან გამომდინარე, მზარდი მოთხოვნა შეიძლება ტვირთად დააწვეს მათ. GEFF-ის გამოცდილება რეგიონში მიუთითებს, რომ ცოდნისა და ექსპერტიზის არსებობა გადამწყვეტია ისეთი ტექნიკურად რტული პროექტებისთვის, როგორიცაა მზის, ქარის ან ჰიდროელექტროსადგურები. ბევრი პროექტი დაზარალდა (შემცირებული გენერაცია, სადგურის დაზიანება და ა.შ.) სწორედ ტექნიკური კომპეტენციის ნაკლებობის, ცუდი ინსტალაციის ან არასწორი დაგეგმვის გამო.
აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას სურს განავითაროს განახლებადი ენერგია. თუმცა, ზემოაღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საჭირო ნაბიჯები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები