მზის ენერგიაზე საქართველოში
დრომ აჩვენა, რომ მზის ენერგიას დადებითი გავლენა აქვს ეკონომიკასა და გარემოზე. ტექნოლოგიური წინსვლის წყალობით, რომლის შედეგადაც მზის პანელები სულ უფრო ხელმისაწვდომი გადახადა, მზის ენერგიის მომხმარებელი, იქნება ეს საყოფაცხოვრებო, თუ ბიზნეს მიზნებისთვის, სულ უფრო მატულობს. საკუთარი ენერგიის გამომუშავება ბიზნესებსა და ოჯახებს საშუალებას აძლევს შეამცირონ კომუნალური გადასახადი და მნიშვნელოვნად შეკვეცონ მათი წლიური ხარჯები.
მზის ენერგიის ხელმისაწვდომობაში მნიშვნელოვან როლს ნეტო აღრიცხვის სისტემა თამაშობს. მარტივად რომ ვთქვათ, ნეტო აღრიცხვა არის ენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომლის შედეგადაც სადგურის მიერ ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიეწოდება ქსელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უკან უბრუნდება სადგურს. შედეგად, გამომუშავებული და მოხმარებული ენერგია ერთმანეთს ქვითავს.
საქართველოში ნეტო აღრიცხვის სისტემა 2016 წელს ამოქმედდა. საწყის ეტაპზე იგი შეზღუდვით ფუნქციონირებდა, რის შედეგადაც მხოლოდ 100 კილოვატი სიმძლავრის სადგურებს შეეძლოთ ქსელში ჩართვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მზის ენერგიით სარგებლობა ძირითადად საყოფაცხოვრებო სადგურებს შეეძლოთ. თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ზემოხსენებული შეზღუდვა 500 კილოვატამდე გაზარდა. ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესების ქსელში ჩართვის შესაძლებლობას იძლეოდა. ამას გარდა, ახალი რეგულაციით, ენერგიის გამომუშავება და მოხმარება სხვადასხვა ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი.
დღემდე სისტემაში 316 სადგურია ჩართული, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 მეგავატს აღემატება. “ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი კომერციული სექტორიდან, რომ ჩადოს ინვესტიცია მზის პანელების სადგურის მშენებლობაში და მიიღოს ეს ენერგია. არითმეტიკა ამ ყველაფრისა, ჩადებული ინვესტიციიდან უკუგებისა, საკმაოდ კარგია. ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ჩადებულ ინვესტიციას იღებს ინვესტორი და შემდეგ მას რჩება პრაქტიკულად უფასო ენერგია”, – ამბობს სემეკის თავჯდომარე დავით ნარმანია.
GEFF საქართველოში ასევე აქტიურად ჩართულია მზის ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციაში. პროგრამის გაშვების დღიდან, მზის ელექტროსადგურებზე გაცემული ბიზნეს კრედიტების ჯამური მოცულობა $500,000 შეადგენს. რაც შეეხება ბიზნესების საქმიანობას, ის მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც ონლაინ სუპერმარკეტებს, ასევე მსხვილ წარმოებას. გარდა ამისა, მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში მოცემული ტექნოლოგიების სია მუდამ ახლდება და აგრძელებს საქართველოს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ტექნოლოგიების წარმოდგენას.
მზის ენერგიაში ინვესტირებას აქვს რამდენიმე დადებითი მხარე. პირველ რიგში, მზის ენერგიის გამოყენება ბიზნესებს ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს. ასეთი ტიპის ინვესტიცია იმ იშვიათ ინვესტიციებს შორისაა, რომელიც გარანტირებულ მოგებას გულისხმობს. და ბოლოს, საკუთარი ენერგიის გამომუშავება ამაღლებს მომხმარებლის ენერგოდამოუკიდებლობას, რაც მას ტარიფების სამომავლო ზრდისგან იცავს.
მზის ენერგიის სარგებლის უკეთ გასაგებად, ნეტო აღრიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროექტის განხორციელების დეტალების გასაცნობად, GEFF საქართველოში გეპატიჟებათ ონლაინ ტრენინგს „მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება“,რომელიც 8 ნოემბერს, 15:00 საათზე თიბისის ბიზნეს პლატფორმაზე ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები