ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) თბილისის მეტროს მოდერნიზაციის დასაფინანსებლად €75 მილიონს გამოყოფენ, საიდანაც €65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო €10 მილიონს – GCF. სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა EBRD-ის მიერ შემუშავებული პანდემიისადმი პასუხის ძირითადი ნაწილია.
თანხის ბენეფიციარი საქართველოს სატრანსპორტო კომპანიაა და ის მოხმარდება 40 თანამედროვე ტიპის მეტროს ვაგონის შეძენასა და მეტროსადგურისა და გვირაბის მოდერნაციას.
ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქებისა და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც იმ სფეროებს განსაზღვრავს, რომლებსაც ქალაქის მთავარი ეკოლოგიური გამოწვევების მოსაგვარებლად, როგორიცაა ჰაერის სისუფთავე, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.
განახლებული მეტროსადგურები თბილისის 1.2 მილიონ მკვიდრს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს, რითაც ჰაერის დაბინძუნება შემცირდება.
პროექტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად. ეს მოიცავს ტრენინგებს სამუშაო ადგილზე, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე ქალაქის სატრანსპორტო სექტორში თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
„ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ მომსახურებების მიწოდებაში, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის გვჭირდება, ასევე ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის. თბილისის მეტროს მოდერნიზაცია გადამწყვეტი იქნება ქალაქის ძირითად ეკოლოგიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მოთხოვნა ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მაღალია და ასეთ პროექტებს საუკეთესო ეკოლოგიური და სოციალური ზემოქმედება აქვთ“, – განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
„მოხარულები ვართ, რომ COVID-19-ით გამოწვეული რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების მიმართ კვლავ ძლიერია“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები