ბანკი მზადაა მისი საქმიანობა პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლას დაუთმოს.
პანდემიის ფონზე, EBRD სწრაფად აძლიერებს ბანკის სამუშაო რეგიონების მხარდაჭერას და გეგმავს, რომ მთელი თავისი საქმიანობა მიუძღვნას 38 განვითარებადი ეკონომიკური სისტემის დახმარებას, სადაც ის კრიზისის ეკონომიკური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად მოახდენს ინვესტირებას.
EBRD–ის აქციონერები დღეს შეთანხმდნენ რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების ყოვლისმომცველ სერიებზე, რაც გააძლიერებს ბანკის სოლიდარობის პაკეტს, რომლის შესახებაც პირველად 13 მარტს გახდა ცნობილი. ახლა ბანკი მზად არის უზრუნველყოს € 21 მილიარდი ღირებულების მხარდაჭერა 2020-2021 წლების განმავლობაში.
EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ Covid-19 დაახასიათა, როგორც უპრეცედენტო გამოწვევა მსოფლიოსა და EBRD-ის რეგიონებისთვის. ახალი ზომების გამოცხადებისას, მან თქვა: „კრიზისი ახლა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მოსალოდნელია ბანკის ნებისმიერი საქმიანობა, მომდევნო ერთიდან ორ წლამდე, კრიზისზე რეაგირებისკენ იყოს მიმართული“.
EBRD მუშაობს არსებული ინსტრუმენტების ადაპტირება-გაფართოებაზე და ახალი ინიციატივების შემუშავებზე, რათა ვირუსის პირდაპირი საფრთხის თავიდან ასაცილებლად განახორციელოს დახმარება, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად.
ის, ასევე, მუშაობს იმაზე, რომ მოამზადოს თავისი ქვეყნები პოსტ-ვირუსული პერიოდისთვის და დაიცვას რთულად მიღწეული პროგრესი მდგრადი, სამართლიანი და ღია საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით.
EBRD-ის სოლიდარობის პაკეტის მთავარი საყრდენი არის გამძლეობის ჩარჩო, რომელიც დაფინანსებას უზრუნველყოფს არსებული კლიენტების მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მოთხოვნა მზარდია და როგორც გაფართოებული რეაგირების ნაწილი, ამ წლის ბოლომდე, ჩარჩოს ფარგლებში ხელმისაწვდომი დაფინანსება € 1 მილიარდიდან € 4 მილიარდამდე გაიზრდება, საჭიროებების შემდგომ შეფასებამდე. ბანკმა გააფართოვა მისი არეალი, რათა არსებულ კლიენტებთან დაკავშირებული ერთეულებიც მოეცვა.
ვაჭრობის დაფინანსების მზარდ მოთხოვნაზე საპასუხოდ, EBRD გაზრდის დაფინანსებას ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რათა, ამ რთულ ვითარებაში, ღია სავაჭრო არხები შეინარჩუნოს. ასევე, ბანკი დაზარალებულ კლიენტებს დაჩქარებულ რესტრუქტურიზაციას შესთავაზებს.
ბანკი გააფართოვებს არსებულ ჩარჩოებს, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კორპორაციებისათვის, რომლებიც ჯერ არ არიან EBRD-ის კლიენტები, რაც რეალურ ეკონომიკას საბანკო სისტემის მეშვეობით პირდაპირი და არაპირდაპირი გზით დაფინანსების მიწოდებით მეტად გააძლიერებს. სოლიდარობის პაკეტის კიდევ ერთი ელემენტია ახალი საგანგებო პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს ინფრასტრუქტურის არსებით მოთხოვნებს.
ამ ინსტრუმენტების მთავარი მიზანია EBRD რეაგირების სისწრაფის გაზრდა, გამარტივებული და ეფექტური პროცედურების მეშვეობით.
საგანგებო არხები მიმართული იქნება ეკონომიკის ყველა სექტორზე, განსაკუთრებით კი იმ სექტორებზე, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ კრიზისის შედეგად, მათ შორისა, ფინანსური ინსტიტუტები და მცირე, საშუალო და კორპორაციული ბიზნესები, ტურიზმის, სტუმართმოყვარეობის, საავტომობილო და სატრანსპორტო მიმწოდებლების, აგრობიზნესისა და სამედიცინო მასალების ინდუსტრიებში.
EBRD-ის რეგიონები, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკამდე ვრცელდება, მძიმე შედეგების წინაშე დგანან. ამის მიზეზი ვირუსის შეკავებისკენ მიმართული ზომებია, თუმცა აქვე აღსანიშნავნია საერთაშორისო სირთულეები, როგორებიცაა სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა, გლობალური ღირებულების ჯაჭვების შეფერხება, ტურიზმის კოლაფსი და ფულადი გზავნილების შემცირება.
კრიზისის ამ ფაზაში, EBRD პირველ რიგში ყურადღებას სესხის სწრაფ მიწოდებაზე გაამახვილებს, რაც ამჟამად კრიტიკულად მნიშნველოვანია. სიტუაციის განვითარების შესაბამისად, ბანკი ასევე შეიმუშავებს ადგილობრივ ვალუტასთან და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ შეთავაზებებს.
EBRD-ის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური მდგრადობის პაკეტი ერთვება სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გატარებულ მნიშვნელოვან ჯანდაცვისა და საბიუჯეტო დახმარების ღონისძიებებს.
ეფექტური და კოორდინირებული რეაგირების უზრუნველსაყოფად, EBRD მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, ქვეყნების დონეზეც.
EBRD აღიარებს, რომ საფრთხის ამ პერიოდში საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. თუმცა, საკრედიტო პირობების გაუარესების მიუხედავად, ბანკის პროექტები სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.
გაზრდილი ფინანსური დახმარების პარალელურად, Covid‐19-ის მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებზე საპასუხოდ, EBRD ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას დაუთმობს პოლიტიკის მხარდაჭერას.
მოკლევადიან პერიოდში, EBRD უზრუნველყოფს „შუალედურ მხარდაჭერას“, რაც დაეხმარება კლიენტებს პანდემიასთან გასამკლავებლად ეფექტურ რეაგირებაში. ბანკის მიერ უკვე შეთავაზებულია ვირტუალური რჩევები და სწავლება, მთავრობების დასახმარებლად ინოვაციური პოლიტიკური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებასა და კლიენტებისთვის დახმარების აღმოსაჩენად სამუშაო ძალის დაგეგმვისა და კრიზისების მართვის საკითხებში.
ამავე დროს, ბანკმა სისტემური როლი უნდა ითამაშოს კერძო სექტორისა და ეფექტურად ფუნქციონირებადი ბაზრების შესანარჩუნებლად.
პოტენციურად, პანდემიას შეუძლია საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის გამწვავება და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში რთულად მოპოვებული ვალდებულებების საფრთხის ქვეშ დაყენება.
EBRD მოქმედებს არამარტო თავისი რეგიონების ეკონომიკური სისტემების დასაცავად, არამედ ცდილობს შეინარჩუნოს გარდამავალი პერიოდის ეფექტი, კრიზისზე მრავალმხრივი და გენდერულად მგრძნობიარე რეაგირების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობით და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაცვით.
ეკონომიკურ სისტემებში სახელმწიფოს როლის გარდაუვალი ზრდის საპასუხოდ, EBRD იმუშავებს მთავრობებთან, რათა მათ მოახდინონ ინტერვენციის იმგვარად ფორმირება, რომ მინიმუმამდე დავიდეს არასასურველი ცვლილებები და არასამართლიანი კონკურენცია და დაცული იქნას ღია ბაზრების ეფექტურობა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები