საქართველოს წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა გალტ & თაგარტმა გამოაქვეყნა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა, რომლიდანაც მთავარ პუნქტებს გთავაზობთ:
მთავრობამ ინვესტორებთან წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა – სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი (CFD). სქემა შესაბამის საკანონმდებლო დოკუმენტებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის აისახება. პირველი აუქციონის ჩატარებაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8ტვტ.სთ შეადგინა. ამის გარდა, ელქტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5-ჯერ 1.0 ტვტ.სთ-მდე. გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით. ჰიდროსადგურების გენერაციის ზრდა კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა), ხოლო თბოსადგურების ადეკვატურ ფასად და მოცულობით მუშაობა სოციალურ გაზზე ხელმისაწვდომობის გამო იყო შესაძლებელი.
2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტმა 40.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სავაჭრო ბალანსმა დადებით 43.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ერთი მხრივ, ენერგეტიკულმა კრიზისმა და მსოფლიოში ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა გავლენა მოახდინა ჩვენს მთავარ საექსპორტო ქვეყანა თურქეთზე, სადაც ფასები გასამმაგდა. მეორე მხრივ, საქართველოში ელექტროენერგიის ფასები ბევრად ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ექსპორტის. ამის მთავარი მიზეზი არის ელექტროენერგიის მიწოდებაში ჰიდროგენერაციის მაღალი წილი და იმპორტის ფასების შედარებით ზომიერი ზრდა. იმპორტის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები – რუსეთი და აზერბაიჯანი – მსოფლიო ბაზარზე თავად არიან ფასის მკარნახებლები და საქართველოს შემთხვევაშიც, თავად განსაზღვრავენ მოწოდების ფასს. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა კომპანიებმა ისარგებლეს მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისით.
ორგანიზებული ბაზრების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო 2023 წლის 31 მარტამდე. დღით ადრე და საბალანსო და სისტემური სერვისების ბაზრის ამოქმედება 2022 წლის 1 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ბოლოსკენ მთავრობამ ამ ბაზრების ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადადო. ოფიციალურ მიზეზად მთავრობის მხრიდან დასახელდა მსოფლიოში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი და შიში იმისა, რომ ბაზრის გახსნის შედეგად ფასები საქართველოშიც გაიზრდებოდა. დამატებითი მიზეზი ბაზრის მონაწილეების მზაობა და სისტემური სერვისებისა და საბალანსო ბაზრის ტექნიკური გაუმართაობა იყო. ბაზრის სამომავლო სტრუქტურის დეტალები ნელ-ნელა იკვეთება და რაც დრო გადის, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, თუმცა რიგი საკითხებისა მაინც ღიად რჩება. მაგალითად, პირდაპირ ივაჭრებენ თუ არა იმპორტიორები და თბოსადგურები ბაზარზე და რა ფასად, ზუსტად რა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს ბაზრების გახსნა, იქნება თუ არა უბალანსობის მიმართ საპატიო ზღვრები და ა.შ.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები