29 ნოემბერს, მდგრადი ფინანსების პლატფორმაზე გაიმართა ვებინარი სახელწოდებით „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია: ქართული გამოცდილება“, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მდგრადი დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე თვალოძე. ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია (SFT) დაამტკიცა და მის შესაბამისად დააწესა დებულება სესხების კლასიფიკაციისა და ანგარიშგების შესახებ. იგი შემუშავდა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ფინანსური ინსტიტუტებიც.
საქართველოში SFT-ის განვითარების მთავარი მიზანი იყო კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხების კლასიფიკაციის, სკრინინგისა და ანგარიშგების თანმიმდევრული და სტანდარტიზებული რეგულაციების შექმნა და საერთო დეფინიციების ჩამოყალიბება.
ტაქსონომია მორგებული იყო საქართველოს სპეციფიკასა და განვითარების პრიორიტეტებზე და თან შესაბამისობაში იყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან. იგი აერთიანებს როგორც მწვანე, ასევე სოციალურ ტაქსონომიებს და იძლევა უწყვეტი განხილვისა და განვითარების საშუალებას.
როგორც მწვანე ტაქსონომიის ნაწილი, სესხები კონკრეტულ კატეგორიებში, როგორიცაა მზის ელექტროსადგურების პროექტები ან ელექტრო მანქანები, ავტომატურად შეიძლება კლასიფიცირდეს მწვანედ; თუმცა, სხვა კატეგორიებისთვის არის ტექნიკური მოთხოვნები და სპეციფიკაციები, რომლებიც ჯერ უნდა შემოწმდეს, რათა დამტკიცებული ტაქსონომიის მიხედვით სესხი კლასიფიცირდეს მწვანედ.
SFT-ის ძირითადი მომხმარებლები არიან ფინანსური ინსტიტუტები და კაპიტალის ბაზრის მონაწილეები, მათ შორის საჯარო სუბიექტები, სერტიფიკატორები, ვერიფიკატორები და სხვა აქტორები. მთავარი მოთამაშეები კვლავ კომერციული ბანკები არიან.
SFT რეგულაციის მიხედვით, არსებობს სამი სახის სესხი: მწვანე სესხები, სოციალური სესხები და მდგრადი სესხები. ბანკებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ეს სამი ტერმინი სესხების კლასიფიკაციისას, თუ ისინი არ შეესაბამება SFT-ს. „მწვანე სესხი“ უნდა იყოს გამოყენებული ექსკლუზიურად მწვანე ტაქსონომიაში ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობისთვის, „სოციალური სესხი“ ეხება მხოლოდ სოციალურ ტაქსონომიაში ჩამოთვლილ აქტივობებს, ხოლო „მდგრადი სესხი“ აფინანსებს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალურ მოთხოვნებს.
კომერციულ ბანკებში სესხებისთვის “მწვანე” კატეგორიის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ, თუ ისინი შეესაბამება SFT რეგულაციას. 2023 წლის იანვრიდან ეს რეგულაცია კომერციულ ბანკებსაც ავალდებულებს მწვანე სესხების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენას.
დამატებითი ინფორმაცია SFT-ის შესახებ და დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად აღწერს მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებს, ხელმისაწვდომია სებ-ის ვებგვერდზე: https://nbg.gov.ge/en/page/sustainable-finance-taxonomy.
ვებინარის ორგანიზატორი Sustainable Finance Platform არის ახალი, უფასო პლატფორმა, რომელიც შექმნილია Greenpact B.V.-ის მიერ მწვანე ფინანსებით დაინტერესებული პირებისთვის. ის გთავაზობთ წვდომას ონლაინ დისკუსიებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე და კითხვა-პასუხის სესიებზე მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ უახლესი ამბები, ანგარიშები, სტატიები და ინტერვიუები, ასევე აქტიურად გახდნენ მზარდი პროფესიული საზოგადოების ნაწილი.
ამ პლატფორმაზე პროფესიონალებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სხვა წევრებს პირდაპირი შეტყობინებების საშუალებით და იყვნენ ინფორმირებულები გლობალურ და რეგიონულ მდგრად ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე. პლატფორმაზე გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://susfinplatform.mn.co.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები