მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა მსოფლიოს დღის წესრიგშია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისთვის საჭირო პოლიტიკა, რეგულაციები და მითითებები, რაც მათ პარიზის შეთანხმების აღსრულებასთან აახლოვებს. საქართველომაც, როგორც ამ შეთანხმების მონაწილე ქვეყანამ, მნიშნველოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკის „გამწვანებისკენ“, როგორიცაა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება, ნეტო აღრიცხვის დანერგვა და ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავება. თუმცა, წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა.
საქართველოს მდგრადობის განვითარება ქვეყნის პოლიტიკის სტრატეგიული ნაწილია, რასაც 2023 წლის 16 თებერვალს თბილისში გამართული ღონისძიება „მწვანე ფინანსები მდგრადი ეკონომიკისთვის“ კიდევ ერთხელ ადასტურებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კონფერენციამ ცხადყო საქართველოს მიერ გადადმგული ნაბიჯები და გამოაშკარავა ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას ქვეყნის ფინანსური სისტემა. კონფერენციას ესწრებოდნენ მაღალი დონის მომხსენებლები და ადგილობრივი საწარმოების, კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნულა ბანკმა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია (SFT) და სესხების კლასიფიკაციისა და ანგარიშგების დებულება SFT-ის შესაბამისად. 2023 წლის იანვრიდან ეს რეგულაცია კომერციულ ბანკებსაც ავალდებულებს მწვანე სესხების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენას. როგორც მწვანე ტაქსონომიის ნაწილი, სესხები კონკრეტულ კატეგორიებში, როგორიცაა მზის PV პროექტები ან ელექტრო მანქანები, ავტომატურად კლასიფიცირდება მწვანედ; თუმცა, სხვა კატეგორიებისთვის დაწესებული ტექნიკური მოთხოვნები შესამოწმებელია, რათა მოხდეს მათი სწორი კლასიფიკაცია.
როგორც თიბისი ბანკის ESG კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბანკები აწყდებიან როგორც შიდა, ასევე გარე გამოწვევებს მწვანე ეკონომიკისკენ სვლაში. დასაწყისისთვის, ბანკისთვის მნიშვნელოვანია შიდა კრიტერიუმების შემუშავება და მწვანე ინვესტიციებისთვის სწორი პროდუქტების შერჩევა. როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, ბანკის მიზანია ჰქონდეს ერთ მილიარდიანი მწვანე სესხების პორტფელი, თუმცა ამისათვის საზოგადოების ცნობიერება მწვანე პროექტების სარგებლიანობის შესახებ უნდა ამაღლდეს. ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლების განათლება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, თიბისი ბანკის დღის წესრიგშია. პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ჯაშიაშვილმა დღეს საქართველოში „მწვანე“ ინვესტიციის ორი სფერო მოიხსენია: ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და მზის ელექტროსადგურები. პირველი კატეგორია მომდინარეობს ქვეყნის ენერგოეფექტურობის დაფინანსების ხანგრძლივი ისტორიიდან, ხოლო მეორე წარმოიშვა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ფასების გაზრდის ფონზე. პარალელურად, პროკრედიტ ბანკი აქტიურად მუშაობს საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციაზე: ამ მიზნით ბანკმა უკვე გააფართოვ აუფასო დამტენი სადგურების ქსელი და ავითარებს სპეციალურ პროდუქტებს, რომლებიც დაეხმარება მის კლიენტებს ელექტრომობილების შეძენაში.
მიუხედავად მრავალი გამოწვევებისა, საქართველოს ჰყავს ძლიერი პარტნიორები. ფინანსური ნსტრუმენტებთან და პროგრამებთან ერთად, როგორიცაა GEFF, რომელიც ფუნქციონირებს 28 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მისი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების (მათ შორის თიბისი და პროკრედიტ ბანკი) მეშვეობით, EBRD ბიზნესებს და ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს სხვადასხვა ინსტრუმენტსა და მომსახურებას, რომლებიც მიმართულია ცნობიერების ამაღლების, ბიზნესებს შორის კავშირებისა და მათ შორის ვაჭრობის ხელშეწყობისკენ. კონფერენციაზე, EBRD-მ წარმოადგინა პრინციპები, ინსტრუმენტი და ცოდნა, რომელსაც ბანკი იყენებს მისი ამბიციური მიზნის მისაღწევად: ინვესტიციების მინიმუმ 50% გამწვანება 2025 წლისთვის.
ღონისძიება დასრულდა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან პანელური დისკუსიით, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოში მსხვილი კომპანიები ისწრაფვიან თავიანთი საქმიანობის გამწვანებისკენ. მსხვილმა ლოჯისტიკურმა ოპერატორმა სრულად განაახლა ქსელი CO2 ემისიების შესამცირებლად; დიდი და საშუალო ზომის დეველოპერები იყენებენ ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, გათბობა/გაგრილებისა და განათების სისტემებს; ხოლო სუპერმარკეტები ზრუნავენ იმაზე, რომ მათი ახალი ფილიალები იყოს ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები