ენერგეტიკის საერთაშორიშო სააგენტო (IEA) რეგულარულად ახორციელებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვას მისი წევრი და არა-წევრი ქვეყნებისთვის. 2020 წელს, IEA-მ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვა (ანგარიში) გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მიღწევებზე და იმ გამოწვევებზეა საუბარი, რომელიც საქართველოს მეტად დაცული, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგეტიკისკენ სვლაში ელოდება.
2020 წლის ივლისსში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ენერგიის უწყვეტი მიწოდებისა და მდგრადი სისტემის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. კერძო სექტორის ჩართვით, ქვეყნის ელ. ენერგიის სექტორი მეტად კონკურენტული გახდა, რამაც მთლიანი სისტემა დაასტაბილურა. ახალი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ელექტრო ენერგიის ექსპორტი და ინვესტირება საზღვართაშორისო ინფრასტრუქტურის განვითარებაში რეგიონალური რესურსის გამოყენების ოპტიმიზაციასა და მიწოდების უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
2015 წელს, IEA-ს მიერ ბოლოს ჩატარებული მიმოხილვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოს დაცვის, კლიმატური ცვლილებების დაძლევისა და ეროვნული ეკონომიკის კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადობის განვითარებისკენ. ენერგო-კალათაში ჰიდროელექტროსადგურების დიდი წილის არსებობის წყალობით, საქართველოს CO2 გამოყოფის ინტენსივობა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაცია საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეროვნული და მუნიციპალური სტიმულირების შედეგად, ბოლო წლების პერიოდში, საქართველოში ელექტრო ავტომობილების გამოყენება ტრენდად იქცა; ნეტო აღრიცხვის სისტემის დანერგვის შედეგად კი, მცირე ბიზნესებმა, ისევე როგორ ფიზიკურმა პირებმა, ფოტოვოლტაიკური სისტემების აქტიური მოხმარება დაიწყეს.
მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, საქართველოს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში ხაზგასმულია ისეთ ერთიანი ენერგო-სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობა, რომელიც გრძელვადიან, მოდელირებულ სამოქმედო გეგმას შეიცავს. ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელ კომისიასთან ერთად, ქვეყენაში სასურველია ენერგო პოლიტიკის ანალიტიკის და მისი განვითარებისა და დანერგვის ორგანოების არსებობაც. ეს ქვეყანას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ ენერგოეფექტურობის დანერგვის გამარტივება შესაძლებელია სპეციალიზირებული ორგანოს შექმნით, რომლის მიზანიც ეკონომიკის ყველა სფეროში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება იქნება. რაც შეეხება განახლებად ენერგიას კი, შესაბამისი გენერატორების ინტეგრაციასთან ერთად, ქვეყანას ასევე შეუძლია დამატებითი, მოკლე ვადიანი ზომებიც მიიღოს, როგორებიცაა სიმძლავრის შესყიდვის აუქციონების გამართვა, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის გამარტივება და ა.შ.
სრული ანგარიში იხილეთ, აქ (ინგლისურად)
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები