ბაზისბანკმა და GEFF საქართველოში პროგრამამ ერთობილივი ღონისძიება „ენერგოეფქტური მწვანე შენობები“ ჩაატარა, რომელიც 2020 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიების მიზანი მწვანე შენობების კონცეფციის, მშენებლობასა და დეველოპმენტში გასათვალისწინებელი ზომების, ასევე ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტებისა და საქართველოს ბაზარზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა იყო.
მსოფლიოში არსებული კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, ყურადსაღებია შენობებიდან გამოყოფილი CO2-იც, რომლის მაჩვენებელიც მსოფლიო CO2-ის ჯამური გამოყოფის 39% შეადგენს. აქედან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის გათვალისწინება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რათა საცხოვრებელი, სამუშაო თუ დასასვენებელი სივრცეები მეტად ჯანმრთელი და კომფორტული იყოს.
ამ მიმართულებით საქართველოში დადებითი ცვლილებებია. კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში 2020 წელს მიიღეს, დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებსა და მასალების მომწოდებლებს უკეთესი მომავლის აშენებისკენ უბიძგებს.
ღონისძიებაზე, GEFF პროგრამის ექსპერტებმა ანდრო ბუთხუზიმ და მურადი ხარაიშვილმა, 55 დამსწრეზე მეტს პროგრამის დეტალები, მისი მიზნობრივი აუდიტორია, ინდუსტრიები და ენერგოეფექტურობის კრიტერიუმები გააცნეს. მათ ასევე განიხილეს მშენებლობის სტანდარტები, კოდექსები და სერტიფიკატები და წარმოადგინეს მწვანე ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებაც სამშენებლო ინდუსტრიაში შეიძლება. ბაზისბანკმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა მწვანე დაფინანსებით სარგებლობის უპირატესობებს და აღნიშნა, რომ ბანკის მიერ მწვანე პროექტების დაფინანსება ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად. მწვანე ტექნოლოგიების უპირატესობების სადემონსტრაციოდ, კომპანიებმა Baltic Investment Group და „აგარაკი უწერაში“ წარმოადგინეს მათი უახლესი პროექტები, რომლებშიც მწვანე სტანდარტების გამოყენება თავიდანვე იყო გათვალისწინებული. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის ფინანსური და ეკოლოგიური სარგებელი, რომელიც მიიღეს სხვადასხვა მწვანე სისტემის, მათ შორის გათბობა-გაგრილების, სავენტილაციო თუ განათების, გამოყენებით.
ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია დამსწრეთა შორის, რაც ბანკისა და პროგრამის წარმომადგენლებისთვის დასმულ კითხვებსა და ღონისძების მსვლელობის დროს გამართულ დისკუსიაში გამოიხატა.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები