მთაწმინდიდან თბილისს რომ გადმოხედოთ დარწმუნდებით, რომ მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად: “შენობები და სამშენებლო სექტორი ჯამურად პასუხისმგებელია გლობალური ენერგიის მოხმარების მესამედზე და მთლიანი პირდაპირი და არაპირდაპირი CO2 ემისიების თითქმის 40%-ზე”.
ენერგოეფექტური შენობების შესახებ კანონის მიღება, ხელს უწყობს ენერგოეფექტური მშენებლობის განვითარებას. კანონის მიღების შემდეგ მომდევნო ნაბიჯი არის შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაწესება. ეს თავდაპირველად 2021 წელს იყო დაგეგმილი. თუმცა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, თარიღი გადაიდო 2022 წლის 30 ივლისამდე. მშენებლობისადმი მოთხოვნების დაწესება დიდი ხანია საჭიროა – დღემდე, ქართული სამშენებლო სტანდარტები ძირითადად ეფუძნება საბჭოთა სამშენებლო ნორმებსა და წესებს (ცნობილი, როგორც СНиП), რომლებიც საკმაოდ მოძველებულია. ეს ნორმები ითვალისწინებს სტრუქტურულ და სეისმურ ზომებს; თუმცა, მათ არ გააჩნიათ მოთხოვნები შენობის უსაფრთხოების, დიზაინის, მშენებლობის, ენერგოეფექტურობის, ასევე შენობების ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის მიმართ, რაც გადამწყვეტია შენობების ხარისხისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება ახლა დიდწილად დეველოპერების ნებაზეა. საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა დეველოპერმა Archi მიაღწია ენერგიის მოხმარების 43%-ით შემცირებას ენერგოეფექტური კარ-ფანჯრის, სამშენებლო ბლოკის, ვენტილაციის სისტემებსა და იზოლაციაში ინვესტიციების განხორციელებით. კიდევ ერთი დიდი მოთამაშე, Lisi Green Town, თავიდან იცილებს 200 ტონაზე მეტ CO2-ის გამოყოფას მსგავსი ტექნოლოგიების არჩევით, LED განათების სისტემებთან და ენერგოეფექტურ ლიფტებთან ერთად.
საქართველოს ბაზარზე უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. მაგალითისთვის, მწვანე ტექნოლოგიის სარჩევში (GTS) მოცემული ყველა თანამედროვე ტექნოლოგია მინიმუმ 20%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ტრადიციული. ჩამონათვალი მოიცავს კარ-ფანჯრებსა და იზოლაციას, რაც ხელს უწყობს სითბოს დანაკარგის შემცირებას, ასევე განათების, გათბობისა და გაგრილების სისტემებს, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას. გარდა ამისა, GTS-ზე წარმოდგენილია ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა ექსკავატორები დამტვირთველები, რომლებიც მშენებლობის პროცესს უფრო ენერგოეფექტურს ხდის.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგოეფექტური შენობები გვთავაზობენ ეკოლოგიურ სარგებელს ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიების შემცირებით, ისინი ასევე უზრუნველყოფენ სარგებელს ასეთი შენობების მომხმარებლებისთვის. შემცირებული გათბობისა და ელექტროენერგიის გადასახადები ეფექტური სახლის მთავარი უპირატესობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ხარჯები ადვილად ანაზღაურდება მიღწეული დანაზოგით.
GEFF საქართველოში პროგრამამ დააფინანსა მრავალი სამშენებლო პროექტი თავისი საქმიანობის განმავლობაში. ამ პროექტების წყალობით ენერგიის ჯამური წლიური დანაზოგი 3000 მგვტ/სთ-ს მიაღწევს. ამასთან, მათი განხორციელების შედეგად CO2-ის ემისია წლიუარად 2000 ტონით შემცირდება. მშენებლობაში ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენების ფინანსური სარგებლის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია სავაჭრო ცენტრი გლდანში. ეფექტური გათბობა და გაგრილება, ვენტილაცია და LED განათების სისტემები, მაღალეფექტურ ლიფტებთან და ესკალატორებთან ერთად იძლევა წლიურ თითქმის US$ 250,000 დანაზოგს. სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატებით მოქმედი ბიზნესისთვის, მსგავსი დანაზოგი შეიძლება გახდეს მომავალი პროექტების დაფინანსების ერთ-ერთი წყარო.
გამოიწერეთ ჩვენი კვარტალური სიახლეები